top of page

ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების (CDI) საგრანტო კონკურსის 4-მა გამარჯვებულმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მოიპოვა

კომპონენტი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარება“ ხორციელდება „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში „რეგიონული განვითარების ასოციაციის“ (RDA) მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსი „სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარება" დასრულებულია. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 47-მა ჯგუფმა რომელთაგან ტრენინგი საგრანტო განაცხადის შევსებაზე გაიარა 12-მა, ხოლო დაფინანსებისთვის შეირჩა 4 საუკეთესო პროექტი.  შერჩეული ჯგუფების ძირითადი საქმიანობაა კარტოფილის მოყვანა და კარტოფილის თესლის წარმოება, მესაქონლეობა და რძის პროდუქტების წარმოება,  მეფუტკრეობა და მეცხვარეობა. რეგიონული განვითარების ასოციაციის დახმარებით, ოთხივე ჯგუფმა უკვე გაიარა რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და მოიპოვა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი.

 


სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ" და „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ" საქართველოს კანონების მოთხოვნათა შესაბამისად შექმნილ კერძო სამართლის იურიდიულ პირს.

სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვების შემდეგ კოოპერატივები თავისუფლდებიან გადასახადებისგან 2017 წლამდე და ასევე სარგებლობენ სხვა შეღავათებით :

 

  • კოოპერატივი თავისუფლდება მოგების გადასახადისგან;

  • კოოპერატივის ქონება, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის მათ შორის ლიზინგით მიღებული ქონება არ იბეგრება ქონების გადასახადით;

  • სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მიღებული შემოსავალი და გრანტი არ იბეგრება მოგების გადასახადით;

  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში დასაქმებულ პირთა ხელფასები არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით;

  • არ იბეგრება გაცემული დივიდენდი;

  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისთვის არ არის დაწესებული მოგების გადასახადის ზღვარი წლიური ბრუნვის მიხედვით, რომელიც, მაგალითად შპს-ს შემთხვევაში 200 000 ლარს შეადგენს;

  • სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივი სარგებლობს უპირატესობით, მიიღოს გრანტი (საჩუქარი);

  • სახელმწიფოს მხრიდან დაგეგმილია სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივებში დასაქმებულების უფასო სწავლება–გადამზადება, მიზნობრივი პროგრამები და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვადასხვა პროგრამა; 

  • სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივი, როგორც გაერთიანება, კრედიტუნარიანად ითვლება და საკრედიტო რესურსი მისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომია.

  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები სარგებლობენ ყველა იმ საგადასახადო შეღავათებითაც, რომლებიც სოფლის მეურნეობასთან მიმართებაში მოქმედებს.

    „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების“ კომპონენტის  მიზანია:
     

  • ფერმერთა გაერთიანება კოოპერაციული მეურნეობის წარმატებული მოდელის შექმნის მიზნით; 

  • სოფლისა და სოფლის მეურნეობის აღორძინების ხელშეწყობა;

  • საოჯახო მეურნეობების განვითარება, მათი კოოპერირება და სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერება; 

  • სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროდუქტიულობის გაზრდა, კონკურენტუნარიანობის  ამაღლება და სერვისებზე ხელმისაწვდომობის
    გაზრდა.

     

 

„ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“  (CDI) ინიცირებულია და დაფინანსებულია კომპანია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიური მილსადენის კომპანიებში.  პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA). 

bottom of page