სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალციხეში საწარმოები დაათვალიერა
2013 წლის 3 ოქტომბერს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი საქმიანი ვიზიტით სამცხე-ჯავახეთს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ბატონმა დავითმა მოინახულა სოფლის შეღავათიანი კრედიტით მოსარგებლე შპს “ჯორჯიან ბიზნეს ზონის” ყველის და კომინირებული საკვების ქარხნები და დაესწრო მათ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული კომპანიის კუთვნილი თანამედროვე ტექნოლოგიების ვაშლის ბაღის პირველი მოსავლის აღებას.
მინისტრის მოადგილე ასევე ეწვია კომპანია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ინიცირებული და დაფინანსებული ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის (CDI) ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებს - სოციალურ საწარმოს სოფელ ივლიტაში და ვაშლისა და პომიდორის სადემონსტრაციო ნაკვეთებს სოფელ წყრუთში.
კომპანია "ჯორჯიან ბიზნეს ზონი" ფლობს ყველის და კომბინირებული საკვების გადამამუშავებელ ქარხნებს ახალციხის რაიონის სოფელ წნისში. კომპანიამ 2009 წელს მიიღო თანამონაწილეობრივი გრანტი ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში (MCG) და ააშენა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ყველის ქარხანა. 2010 წელს, „ჯორჯიან ბიზნეს ზონმა“ გააფართოვა საქმიანობა და ააშენა კომბინირებული საკვების გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც თანამედროვვე ტექნოლოგიური დანადგარებით აღიჭურვა კომპანია BP-ს მიერ დაფინანსებული პროგრამის „ფერმერი-ფერმერს“ (FtF) ფარგლებში. წნისის ორივე ქარხანა ფლობს ISO და HACCP სერტიფიკატებს.
შპს „ჯორჯიან ბიზნეს ზონის“ დირექტორის ბესიკ ბაბუნაშვილის განმარტებით, მომავალი წლისთვის დაგეგმილი აქვთ ფერმის მშენებლობა და მაღალპროდუქტიული საქონლის შემოყვანა: „ფერმის მშენებლობას იაფი სესხით ვაპირებთ. საპროექტო სამუშაოები უკვე დაწყებულია, ალბათ ოქტომბრის თვეში სესხსაც ავიღებთ“.

BP-ს და მისი პარტნიორების მიერ ინიცირებული და დაფინანსებულია ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა (CDI), რომელსაც ახორციელებს რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA). CDI პროგრამის ფარგლებში, 2012 წელს შეიქმნა სოფელ ივლიტას სოციალური საწარმო (აგრო მომსახურება) სადაც გაერთიანებულია 24 ოჯახი. სოციალურ საწარმოს მართავს ივლიტას სათემო ორგანიზაცია, რომელმაც CDI პროგრამის ფარგლებში მიიღო თანამონაწილეობრივი გრანტი და შეიძინა აგრო-ტექნიკა.იგი ასეცე ემსახურება მეზობელ სოფლებსაც. საწარმო პირველივე სეზონზე გავიდა მოგებაზე და საინტერესოა იმით, რომ არის კოოპერატივის პროტოტიპი და კოოპერატივების შესახებ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ სწორედ ასეთი ორგანიზაციული ფორმით დარეგისტრირდება. ზემოხსენებული საწარმო, წარმატებული კოოპერაციის პრეცენდენტია.
„ ივლიტაში ჩვენ ვნახეთ კოოპერატივის ჩანასახი და ახალი კანონის მიხედვით, რომელიც მალე ძალაში შევა, ჩვენ ამ კოოპერაციის განვითარებას ვაპირებთ“ - განაცხადა დავით გალეგაშვილმა
იგივე პროგრამის ფარგლებში 2012 წელს დაფინანსდა წყრუთის პომიდორის და ვაშლის სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა. პომიდორის ნაკვეთზე მოხერხდა წყლის რესურსების სწორი და ეკონომიური მართვის დემონსტრირება სადემონსტრაციო ნაკვეთებზე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობით. ნაკვეთი გამოირჩევა განსაკუთრებულად მაღალი მოსავლიანობით. პომიდორის სადემონსტრაციო ნაკვეთზე უპრცედენტო შედეგია მიღებული (75 ტ. საჰექტარო მოსავალი). სოფელი წყრუთი გამოირჩევა უმეტესად ურწყავი ნაკვეთების უხვი რაოდენობით, ასევე გვალვიანი კლიმატური პირობებით, რაც მიღწეულ შედეგებს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს. წყრუთის ვაშლის სადემონსტრაციო ნაკვეთი გამოირჩევა ახალი, პროდუქტიული ჯიშებით, რომლებიც ვეგეტაციური გამრავლების ტექნოლოგიის გამოყენების შედეგად მოსავალს უკვე მესამე წელს იძლევა, რაც ფერმერს აძლევს საშუალებას მიიღოს ფინანსური სარგებელი უფრო ადრე, ვიდრე ეს ტრადიციული მეთოდებით არის შესაძლებელი.
CDI პროგრამის ფარგლებში 2012-2013 წლებში შეიქმნა სამი სოციალური საწარმო სოფლებში ივლიტა, აგარა და წინუბანი და მოეწყო 44 სასოფლო სადემონსტრაციო ნაკვეთი სამცხე ჯავახეთის 28 სოფელში.

„მომავალი წლის ბიუჯეტში სოფლის მეურნეობის სამინისტრო აპირებს, რომ აღადგინოს სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრი. მისი მთავარი მიზანი და ფუნქცია ჯიშთა გამოცდის ცენტრების აღდგენაა. მათ შორის ერთ-ერთი ასეთი ცენტრი იქნება ვალეშიც. როგორც ჩვენთვის ცნობილია აქ გადარჩა ეს ცენტრი და ვაპირებთ, რომ აღვადგინოთ არა მარტო მარცვლეულის, არამედ ხეხილის და ბოსტნეულის მიმართულებითაც ჯიშთა გამოცდის ცენტრები და დავასაქმოთ ის აგრონომები, ვინც მანამდე მუშაობდნენ“, - განაცხადა დავით გალეგაშვილმა.
სოციალურ საწარმოებს მართავენ ადგილობრივი სათემო ორგანიზაცები, რომლებსაც გადაეცათ აგრარული ტექნიკა. სოციალური საწარმოები აგრარულ მომსახურებას უწევენ წევრ ფერმერებს შეღავათიანი პირობებით. სოციალურად დაუცველი ოჯახები კი მომსახურებას განსაკუთრებული შეღავათებით იღებენ.
CDI პროგრამის ფარგლებში მოწყობილ სადემონსტრაციო ნაკვეთებზე ადგილობრივ ფერმერთა ჯგუფებს მოყავთ სასოფლო სამეურნეო პროდუქცია ახალი ტექნოლოგიებით, პროფესიონალი აგრო-კონსულტანტების დახმარებით.