top of page

ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა (CDI) სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების კომპონენტის შედეგების შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა

 

2 მაისი, 2015

 

 

ამა წლის 1 მაისს, ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის (CDI) განმახორციელებელმა ორგანიზაციებმა - რეგიონული განვითარების ასოციაციამ (RDA)  და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა (CTC), კომპანია BP-სთან და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთან ერთად, გამართეს ინიციატივის ფარგლებში დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების კომპონენტის შედეგების შემაჯამებელი კონფერენცია სატუმრო რუმს თბილისში. კონფერენციას ასევე ესწრებოდა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბატონი დავით გალეგაშვილი, რომელიც ვრცელი სიტყვით წარსდგა დამსწრეთა წინაშე, ჩაერთო დისკუსიაში და ამომწურავი პასუხები გასცა კოოპერატივების წევრთა ყველა კითხვას.

 

კონფერენციაზე პროექტის მიღწევები შეაჯამეს კომპანია BP-ის კომუნიკაციისა და საგარეო ურთიერთობათა მენეჯერმა ბატონმა გია ღვალაძემ და CDI პროექტის მრჩეველმა ქალბტონმა ეთერ კვირიკაშვილმა. სასოფლო-სამურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ ბატონმა გიორგი მიშელაძემ მიმოიხილა სასოფლო კოოპერატივების რეგისტრაციის და განვითარების სტატისტიკა, გააცნო დამსწრეთ სააგენტოს მომავალი გეგმების შესახებ. შვიდივე კოოპერატივის წევრებმა ისაუბრეს საკუთარ საქმიანობაზე და მიღწევებზე.

 

 

„BP იყო პირველი ვინც კოოპერაციის მოძრაობას შეუწყო ხელი და თუ გადავხედავთ სტატისტიკას, სამცხე ჯავახეთი და ქვემო ქართლი არიან ლიდერები რეგისტრაციის კუთხით, რაც სწორედ ამაზე მეტყველებს. მრავალი წლის განმავლობაში უწყვეტი სასოფლო სამეურნო განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების და ტრენინგების შედეგია სწორედ ის რომ  ფერმერები ამ რეგიონებში მომზადებულები აღმოჩნდნენ ახალი კანონისთვის“ - განაცხადა ბატონმა მიშელაძემ.

 

კონფერენციის დასასრულს გაიმართა დისკუსია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონის ცვლილებების, დარგის პრობლემატიკისა და გადაჭრის შესაძლო გზების შესახებ.


2012 წლის მაისიდან პროექტის, „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ (CDI) ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს თემის მდგრადი განვითარების ხელშემწყობი საქმიანობები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გასწვრივ მდებარე ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 77 სამიზნე თემში. პროექტის მიზანია გააღრმაოს BP – სა და თემებს შორის პოზიტიური ურთიერთობა იმ თემებში ინვესტირებით, რომლებიც მზად არიან უზრუნველყონ ნაყოფიერი თანამშრომლობა თემის მდგრადი განვითარებისთვის.

 

პროექტის სოციალური და ეკონომიკური ამოცანების მისაღწევად განხორციელებული აქტივობები მოიცავს სოფლის ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციას, სოციალური საწარმოების ჩამოყალიბებას, მცირე მეწარმეების ხელშეწყობასა და სადემონსტრაციო ნაკვეთების შექმნას. გარდა ამისა პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვთარება, რომელიც ინიცირებული იქნა BP-სა და მისი პარტნიორების მიერ 2013 წლის დეკემბრიდან. კომპონენტი ითვალისწინებდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნას ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდისა და თემის მდგრადი განვითარების მიზნით.


მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში დაიგეგმა და ჩატარდა სხვადასხვა სახის საქმიანობები. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა საინფორმაციო სახის შეხვედრებს სამიზნე თემებში, სადაც ფერმერებს დეტალურად განემარტათ კოოპერაციის  არსი და მიზნები, სარგებელი, რომელიც მოაქვს ერთობლივ შრომას  ხარჯების შემცირებისა  და მომგებიანობის კუთხით.

 

გარდა ამისა “CTC” და “RDA” აქტიურად თანამშრომლობდნენ სსიპ „სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთან და ჩაატარეს ერთობლივი შეხვედრები, სადაც ფერმერებს გააცნეს სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მინიჭების, მონიტორინგისა და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების წესები.

 

 

„BP-ს მიერ დაფინანსებული 23,490 ლარით შევიძინეთ ტრაქტორი და სხვა საჭირო აგრეგატები.  სანამ კოოპერატივს შევქმნიდით მოსავლის აღება უფრო დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, გვიწევდა ტრაქტორის დაქირავება, რაც საკმაოდ ძვირია. ახლა რადგან უკვე გვაქვს ტექნიკა, შესაბამისად შედარებით დიდ ფართობზე ვთესავთ კარტოფილს, მოგებაც უფრო დიდია. კოოპერატივში  1 ჰა. მიწა გვაქვს შეტანილი და ვფიქრობთ, რომ 10 ჰა-მდე გავზარდოთ, ამჯერად იჯარით აღებულ მიწებზე ვმუშაობთ. ჩვენთან სეზონზე დასაქმებულია 40-მდე ადამიანი“ - განაცხადა კოოპერატივ „ელიტას“ წევრმა  სიმონ დარბინიანმა.

 

დღეისთვის, ინიციატივის ფარგლებში დაფინანსებულ ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ კოოპერატივს მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი. ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის (CDI) ფარგლებში შექმნილი და დაფინანსებული კოოპერატივებია:

 

 

  • ს-ს კოოპერატივი „საჩვენებელი საფუტკრე“, თაფლის წარმოება, 6 წევრი. წნისი, ახალიციხის მუნიციპალიტეტი, სამცხე ჯავახეთი.

  • ს-ს კოოპერატივი „წირის მერძევეები“, ნედლი რძის წარმოება, 4 წევრი. წირა, ახალციხის მუნიციპალიტეტი, სამცხე ჯავახეთი.

  • ს-ს კოოპერატივი „ელიტა“, მაღალი კლასის სათესლე კარტოფილის წარმოება, 3 წევრი. წყალთბილა, ახალციხის მუნიციპალიტეტი, სამცხე ჯავახეთი.

  • ს-ს კოოპერატივი „G.M.G.N.K”, მეცხვარეობა, 5 წევრი. მინაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტი, სამცხე ჯავახეთი.

  • ს-ს კოოპერატივი „წინწყარო+“, რძის შემკრები, 17 წევრი. წინწყარო, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, ქვემო ქართლი.

  • ს-ს კოოპერატიცი „არწივი 2014“, მექანიზაცია, 15 წევრი. არწივანი, წალკის მუნიციპალიტეტი, ქვემო ქართლი.

  • ს-ს კოოპერატივი „ხანდო 2014“, მექანიზაცია,  12 წევრი. ხანდო, წალკის მუნიციპალიტეტი, ქვემო ქართლი.

 

 

„ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“  (CDI) ინიცირებულია და დაფინანსებულია კომპანია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიური მილსადენის კომპანიებში.  პროექტის განმახორციელებელი პარტნიორი მილსადენის დასავლეთ მარშრუტზე, სამცხე ჯავახეთში, არის რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA). პროექტის განმახორციელებელი პარტნიორი მილსადენის აღმოსავლეთ მარშრუტზე, ქვემო ქართლში, არის კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრი (CTC).

bottom of page