მიკრო გრანტები მთის განვითარებისათვის

მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობას ბიზნესის წამოწყებისა და განვითარების უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა. უკვე 27 ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში  მთის მაცხოვრებლებს შეუძლიათ წარადგინონ საკუთარი ბიზნეს იდეები ვებგვერდზე www.qartuli.ge და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დახმარებით წამოიწყონ საკუთარი საქმე მთაში.

„მიკრო გრანტები მთის განვითარებისათვის“ არის ახალი პროექტი, რომელიც მეწარმეობის განვითარების სააგენტომ შეიმუშავა მთის განვითარების ეროვნულ საბჭოსთან თანამშრომლობით. პროექტი საშუალებას აძლევს მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობას სახელმწიფოს მხრიდან მიიღოს 5 000-დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსება და საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე წამოიწყოს ბიზნესი, რაც ზოგადად მთის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ახალი პროგრამის შემუშავება პასუხობს მოსახლეობის მხრიდან დიდ მოთხოვნას, რაც მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში დაფიქსირდა. სწორედ ამ პროგრამის შედეგების, ეფექტურობისა და მოსახლეობის მხრიდან დაინტერესების


 

გათვალისწინებით, პროგრამის განმახორციელებელი უწყება,  მეწარმეობის განვითარების სააგენტო, მთის განვითარების ეროვნულ საბჭოსთან ერთად მაღალმთიან  რეგიონში დაიწყებს მიკრო გრანტების გაცემას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მთიდან მიგრაციას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.აქვე აღსანიშნავია, რომ ზოგადად  მთის განვითარების ეროვნული საბჭოს ამოცანას მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიების შემუშავება წარმოადგენს. გრანტების გაცემის ახალი ეტაპი კი სწორედ, რომ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების მიზნით შემუშავებული პროექტია და  მთაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ასევე რეგიონებში სამეწარმეო საქმიანობის წახალისებისკენაა მიმართული.

Regional Development Association (RDA)
All Rights Reserved 2012
www.RDA.org.ge   
info@RDA.org.ge