top of page

დამწყები ბიზნესის ხელშეწყობა და წარმატებული ბენეფიციარები

 

სოფელ ზემო სხვილისში, პროგრამა ,,ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის“ (CDI) ფარგლებში დაფინანსებული მექანიზატორების შეხვედრა გაიმართა. მათ შეძენილი სახნავი, სათესი, სათიბი, საფრეზი და მიწათმოქმედებისათვის საჭირო სხვა მექანიზაცია გამოფინეს და საკუთარი გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს.

 

პროგრამა ,,ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ (CDI) კომპანია ბი-პი-ს დაფინანსებით 2003 წელს სამცხე–ჯავახეთსა და ქვემო ქართლში დაიწყო. უკვე ექვსი წელია სამცხე-ჯავახეთის ნაწილში პროგრამას ,,რეგიონული განვითარების ასოციაცია“ (RDA) ახორციელებს.

გამარჯვებული ბენეფიციარი – ზაალ ხითარიშვილი

 

,,მექანიზაციის დღეზე“ სოფელ ზემო სხვილისში მცხოვრებმა ზაალ ხითარიშვილმა ფერმერებს, პროგრამა ,,ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის“ (CDI) ფარგლებში ნაყიდი სათიბელა აჩვენა. მექანიზატორმა ,,რეგიონული განვითარების ასოციაციასთან“ (RDA) თანამშრომლობა 2015 წელს დაიწყო. მან სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის შესაძენად, ასოციაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო, შემდეგ პროექტი წარადგინა, კონკურსში გაიმარჯვა და დაფინანსება მოიპოვა. ამბობს, რომ ინფორმაცია მცირე გრანტის შესახებ სოფელში ჩატარებული კრების საშუალებით გაიგო. 

,,ამიხსნეს როგორ უნდა შემევსო განაცხადი, შემდეგ ეტაპზე პროექტი დავწერე და გასაუბრებაც გავიარე. სათიბელა დამიფინანსეს და სხვა მისაბმელები თავად შევიძინე, რაშიც სულ  3650  ლარი  დამეხარჯა. ტრაქტორი უკვე მყავდა და თიბვა დავიწყე. ახლა ერთი დღის განმავლობაში სამი ჰექტრის მოთიბვას ვახერხებ და ჩემი შემოსავლის ძირითადი წყაროა.“– ამბობს ზაალ ხითარიშვილი.
 

 

  ფოტოზე: CDI პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ბენეფიციარები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. სამცხე-ჯავახეთი, სოფ. ზემო სხვილისი, 2016  

სოციალური საწარმო ივლიტაში

 

პროგრამა ,,ადგილობრივი მოსახლეობის  განვითარების ინიციატივის“ (CDI) ერთ–ერთი კომპონენტის ფარგლებში, სოფელ ივლიტას მაცხოვრებლებმა ტრაქტორი 2012 წელს ერთობლივად შეიძინეს.

,,გადავწყვიტეთ შეგვეძინა ტრაქტორი. 8,000 ჩვენი წილი იყო, 12,000 ასოციაციამ დაგვაფინანსა. მოსახლეობამ რაც დადო თანხა, ხვნისა და თესვის პროცესში  ერთ სეზონზე  ავანაზღაურეთ. მანამდე სოფელში ტექნიკა არ იყო, მეორე სოფლიდანაც ვერ მოგვყავდა.  ასე, რომ ეს პროექტი ძალიან დაგვეხმარა.  ამავე პროგრამის ფარგლებში აღვადგინეთ სარწყავი წყლის მილსადენიც, მთლიანად გავასარწყავიანეთ მიწები და ამ ყველაფერმა ის შედეგი გამოიღო, რომ სოფელში, ვისაც მიწა ჰქონდა მიტოვებული და არ ამუშვებდა, ახლა უკვე დამუშავება დაიწყო. პრობლემა აღარ არის ხვნაზე, ფრეზვასა თუ  თიბვაზე“– ამბობს სოფელ ივლიტას მკვიდრი და საინიციატივო ჯგუფის წევრი გიორგი გიქოშვილი.

პროექტის ორგანიზატორები
 

პროგრამა - „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ (CDI) ინიცირებული და დაფინანსებულია კომპანია ბი-პი-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC), სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის (SCP) და მისი გაფართოების (SCPX) კომპანიებში.

რეგიონული განვითარების ასოციაცია ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივას  2011 წლიდან სამცხე–ჯაავხეთის 28 სოფელში ახორციელებდა, 2013 წლიდან მას კიდევ 5 სოფელი დაემატა. ამ დროისათვის, ასოციაცია პროექტებს ადიგენის 4, ბორჯომის 8 და ახალციხის 21 სოფელში ახორციელებს.

პროგრამის ერთ–ერთი მიმართულება მცირე მეწარმეთა მიერ ბიზნესის წამოწყებას ან/და გაფართოებას აფინანსებს 2,600 ლარამდე თანამონაწილეობრივი გრანტით. მთლიანი თანხის 30%-40% კი დაფინანსებულმა თავად უნდა დახარჯოს. გრანტი კონკურსის წესით გაიცემა და მის მისაღებად საწყის ეტაპზე საჭიროა ბიზნეს იდეის განაცხადის შევსება. წარმატებული იდეის ავტორები გადიან სპეციალურ ტრენინგს, რომლის შედეგადაც იდეას ბიზნეს-გეგმად აქცევენ და სპეციალურად მოწვეულ შეფასების კომისიას პირის-პირ ინტერვიუზე აცნობენ. რეგიონული განვითარების ასოციაცია მეწარმეებს მუდმივად გვერდში უდგას. დაფინანსებული მეწარმეები სხვადასხვა ტრენინგებით და ინდივიდუალური კონსულტაციებით სარგებლობენ და ბიზნესის შედეგებს ასოციაციას პერიოდულად უზიარებენ.

2015-2016 წლის განმავლობაში კონკურსის წესით უკვე 77 მცირე ბიზნესის პროექტი დაფინანსდა და მათგან 18  კი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით ემსახურება საკუთარ და მიმდებარე სოფლებს.

,,გვქონდა მექანიზატორების შეკრება.  ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაფინანსებული 20–მდე მექანიზატორი შეიკრიბა. ხშირად ვაცნობთ ერთი და იგივე ტიპის ბიზნესებს ერთმანეთს, ვაკავშირებთ, რომ ერთიანი მონაცემთა ბაზა ჰქონდეთ, ისაუბრონ  პრობლემატიკის შესახებ, სიახლეები გაუზიარონ ერთმანეთს. ვცდილობთ, რომ მეწარმეების მძლავრი გუნდი შევქმნათ. მცირე ბიზნესის ხელშეწყობა არის ის კომპონენტი, რომელიც მუდამ აქტიურია, იმიტომ, რომ სოფლად, მომსახურების და წარმოების დეფიციტი ჯერ კიდევ არ აღმოფხვრილა“ – განმარტავს პროექტის დირექტორი ნიკოლოზ საყვარელიძე. 

RDA-ს ინფორმაციით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, სამცხე–ჯავახეთის  33 სოფელში 120-ზე მეტი ბიზნესია დაფინანსებული,  აქედან 50-მდე ბიზნესი მხოლოდ მექანიზაციას შეეხება.

,,ეს არის ნაბიჯები, რომლებიც სოფლებს საკმარისი ტექნიკით გაჯერებაში უნდა დაეხმაროს. აუცილებელია ფერმერი აგრო ვადებში ჩაეტიოს. როდესაც არის მიწის დამუშავების დრო, უნდა იყოს ბევრი ტექნიკა, რომ  ვთქვათ ერთ კვირაში მთელმა სოფელმა მოხნას, დაფრეზოს. თუ ერთ ტრაქტორს 40 ფერმერი რიგში დაელოდება, ხან წვიმა მოუსწრებს, ხან სხვა ხელისშემშლელი ფაქტორები  გამოჩნდება და ვადებში ვეღარ ჩაეტევიან. ამიტომ კარგია, როცა ტექნიკით მარაგდება სოფელი“– ამბობს მცირე ბიზნესის განვითარების ოფიცერი გიორგი ჯანაშვილი.

თიკო ფეიქრიშვილი
სამხრეთის კარიბჭე

bottom of page