ბიზნეს გეგმების კონკურსი – გრანტი დაბრუნებული თანხებიდან
ზოგადი ინფორმაცია
ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE), რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) ერთობლივად აცხადებენ ახალ კონკურსს, პროექტის „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისთვის“ მიერ უკვე მხარდაჭერილი კოოპერატივების გასაძლიერებლად. ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის (EU), მისივე პროგრამის - ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD - საქართველო) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ.
პროექტი - „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისთვის“ ხორციელდება დასავლეთ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში, კერძოდ: სენაკი, ხობი, აბაშა, მარტვილი; ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ცაგერი და ლენტეხი. პროექტი მიზნად ისახავს ფინანსურად მდგრადი, ბიზნესზე ორიენტირებული მცირე ფერმერული ჯგუფების ხელშეწყობის გზით, ფერმერული მეურნეობების წარმოების ეფექტურობის ამაღლებას და ფერმერთა შემოსავლების ზრდას. პროექტის დაწყებიდან დღემდე 51-მა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა მიიღო ფინანსური და ინტენსიური ტექნიკური დახმარება თავიანთი საქმიანობის მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული ფინანსური დახმარება უკან ბრუნდება პროექტის ბენეფიციარი კოოპერატივების მიერ. დაბრუნებადი სისტემის მიზანია კოოპერატივის, როგორც დამოუკიდებელი და მდგრადი ინსტიტუტის ჩამოყალიბება, საფინანსო ინსტიტუციებთან ურთიერთობის უნარ-ჩვევების გამომუშავება.
აღნიშნული კონკურსის გამოცხადება/განხორციელება შესაძლებელი გახდა ბენეფიციარი კოოპერატივების მიერ დაბრუნებული თანხების წყალობით. კოოპერატივები გააგრძელებენ პროექტის მიერ განხორციელებული ინვესტიციების ღირებულების უკან დაბრუნებას, რაც ფონდის ჩამოყალიბების/დაარსების საშუალებას იძლევა. ეს ფონდი ფინანსურ დახმარებას გაუწევს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს. ფონდი ოპერირებას გააგრძელებს პროექტის დასრულების შემდეგ და შესაძლებლობას მისცემს ბენეფიციარ კოოპერატივებს მომავალშიც მიიღონ დამატებითი ფინანსური დახმარება.
კონკურსის მიზანი
აღნიშნული კონკურსის მიზანია პროექტის ბენეფიციარი კოოპერატივების დახმარება ქვემოთ ჩამოთვლილი აქტივობების განსახორციელებლად:
-
(I) ღირებულებათა ჯაჭვის გაძლიერება, დამატებითი ღირებულების შექმნით, რომელიც შესაძლოა განპირობებული იყოს სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების განხორციელებითაც.
-
(II) ინოვაციების დანერგვა საწარმოო პროცესში, რომელიც შეიძლება გულისხმობდეს ბიო წარმოებასაც.
-
(III) დივერსიფიცირებული ბიზნესების, მათ შორის აგრო და ეკოტურიზმის, განვითარება.
-
(IV) არსებული საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესება, რომელიც შეიძლება გულისხმობდეს საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებასაც.
დაბრუნებადი გრანტი
მოთხოვნილი საგრანტო თანადაფინანსების ზომა არის 8,000-15,000 ევროს ექვივალენტი ლარში. ერთობლივ განმცხადებელს, რომელშიც გაერთიანებული იქნება სამი ან მეტი კოოპერატივი (აუცილებელია ყველა მათგანი იყოს პროექტის ბენეფიციარი) შეუძლია მოითხოვოს მაქსიმუმ 40,000 ევრო. განაცხადის ფორმაში თანხა უნდა მიეთითოს ლარში. განმცხადებელი ვალდებულია, უზრუნველყოს წარმოდგენილი პროექტის განხორციელებისათვის საჭირო მთლიანი ბიუჯეტის (თანხის) სულ მცირე 20%, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სრული ინვესტიცია შედგება: გრანტისგან (მაქსიმუმ 80%) და კოოპერატივის თანადაფინანსებისგან (მინიმუმ 20%).
შენიშვნა: მოთხოვნილი თანხა ლარებში უნდა განისაზღვროს საგრანტო განაცხადის მოწოდების დროს არსებული გაცვლითი კურსის შესაბამისად.
გრანტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მიწის ნაკვეთის შესაძენად.
გრანტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებისთვის, რომელიც გულისხმობს: ხელფასების გაცემას და გადახდებს ფიზიკური პირებისთვის (მაგალითად: გადამუშავებისთვის საჭირო ნედლეულის შესაძენად), ან ბ) გადახდებს კომუნალური ხარჯებისთვის (მაგ. წყალი, ელექტროენერგია).
აპლიკანტმა 2017 წლის 30 ნოემბრამდე უნდა უზრუნველყოს გრანტის და კოოპერატივის თანამონაწილეობის სრულად ინვესტირება. პროექტი არ მიიღებს ისეთ განაცხადს, რომელშიც შემოთავაზებული იქნება ზემოაღნიშნულ თარიღზე ხანგძლივი დროის მონაკვეთი.
ახალი საგრანტო თანხა გათვალისწინებული იქნება კოოპერატივსა და პროექტს შორის უკვე არსებულ ხელშეკრულებაში ცვლილების სახით. ახალი გრანტი დაემატება განახლებულ დაბრუნების გრაფიკს, რომელიც შეთანხმებული იქნება კოოპერატივსა და პროექტს შორის. დაბრუნების გრაფიკში გათვალისწინებული იქნება ძველი და მიმდინარე გრანტი.
მოთხოვნები და თანადაფინანსება:
ეს არის შეზღუდული კონკურსი, რომელშიც მხოლოდ პროექტის ბენეფიციარებს - პროექტის მიერ დაფინანსებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს - შეუძლიათ განაცხადის შემოტანა. გარდა ამისა, განმცხადებელმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
-
კოოპერატივმა გამოცხადებული კონკურსის დასრულების დროისთვის სრულად უნდა განახორციელოს თანამონაწილეობა (ფულადი და არაფულადი), რაც გათვალისწინებულია კოოპერატივსა და პროექტს შორის უკვე არსებული ხელშეკრულებით და უნდა დააბრუნოს თანხა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.
-
კოოპერატივი დარეგისტრირებული უნდა იყოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოდან არ უნდა ჰქონდეს გაფრთხილება, უნდა გააჩნდეს სრული დოკუმენტაცია (წესდება, მეპაიეთა ჟურნალი და ასე შემდეგ) რომლეც შეესაბამება კოოპერატივში არსებულ მიმდინარე მდგომარეობას. ერთობლივი განმცხადებელის შემთხვევაში, რომელშიც გაერთიანებული იქნება რამოდენიმე კოოპერატივი, უნდა დარეგისტრირდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების კანონმდებლობის შესაბამისად. რაგისტრაცია სავალდებულოა არა აპლიცაციის შემოტანის ეტაპზე, არამედ შერჩევის შემთხვევაში. ერთობლივ განაცხადში შემავალი კოოპერატივები უნდა იყვენენ დარწმუნებულები რომ რეგისტრაცია მოხდება პროექტის მიერ შემოთავაზებულ ვადაში, როგორც მითითებულია ამ სახელმძღვანელოში.
-
აპლიკანტმა მთლიანი ინვესტიციის სულ მცირე 20%-ის ფულადი თანამონაწილეობა უნდა განახორციელოს. თანადაფინანსების თანხა აპლიკანტმა უნდა გადმორიცხოს ქეას საბანკო ანგარიშზე და შემდეგ ქეა განახორციელებს კოოპერატივის მიერ მოთხოვნილ შესყიდვებს.
განცხადების შეტანა და შერჩევის პროცესი
განმცხადებელმა ბიზნეს გეგმის ელექტრონული ვერსია უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე tkakulia@rda.ge 2017 წლის 27 სექტემბრის (ოთხშაბათი) 18:00 საათამდე. ბიზნეს გეგმის სააპლიკაციო ფორმა და განაცხადის შევსების სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდებზე: www.rda.org.ge; http://care-caucasus.org.ge განმცხადებელი, რომელიც განაცხადს აღნიშნულ ვადაზე გვიან გამოაგზავნის ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.
გარდა ბიზნეს გეგმის განაცხადის ფორმისა, აუცილებელია წარმოდგენილი იქნას შემდეგი ინფორმაცია:
-
კოოპერატივის საერთო კრების ოქმი, სადაც მკაფიოდ იქნება განმარტებული კოოპერატივის მზაობა მონაწილეობა მიიღოს საგრანტო კონკურსში, როგორ ახორციელებს ფულადი თანამონაწილეობისთვის საჭირო თანხების მობილიზებას და რა იქნება თანხის მიღების წყარო. აღნიშნული კრების ოქმი ხელმოწერილი უნდა იყოს კოოპერატივის ყველა წევრის მიერ.
-
საგარანტიო წერილი შესაბამისი საფინანსო ინსტიტუტისგან, თუკი კოოპერატივს ფულადი თანამონაწილობის განსახორციელებლად სჭირდება სესხი.
-
თანხმობის წერილი რელევანტური ადგილობრივი უწყებებისგან და კერძო პირებისგან, თუკი პროექტის ინვესტიცია გავლენას ახდენს სახელმწიფო ორგანიზაციების ან კოოპერატივის არაწევრი პიროვნებების ინტერესებზე.
-
აქტივების კუთნილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელთა გამოყენება წინა კონკურსში არ იყო მითითებული და არც პროექტის ფარგლებში გადაცემულა კოოპერატივისთვის.
-
წარმოდგენილი განაცხადები შეფასდება ბიზნეს გეგმის ფორმაში მითითებული შეფასების სისტემის მიხედვით. სხვა კრიტერიუმები, რომელიც გათვალისწინებული იქნება განაცხადების შერჩევის პროცესში შემდეგია:
-
კოოპერატივის წევრების რაოდენობა
-
კოოპერატივის წევრებს შორის ქალთა პროცენტული რაოდენობა
-
განაცხადი რომლებიც წარმოდგენილი იქნება ერთობლივად რამოდენიმე კოოპერატივის მიერ (აუცილებელია ყველა მათგანი იყოს პროექტის ბენეფიციარი)
-
წინა საგრანტო ისტორია
შეფასების პროცესი გაგრძელდება 2017 წლის სექტემბრის ბოლომდე. ოქტომბრის პირველ კვირაში პროექტის წარმომადგენლები დაუკავშირდებიან შერჩეულ განმცხადებლებს და გასცემენ ბიზნეს გეგმების გაუმჯობესებისთვის საჭირო რეკომენდაციებს, საჭიროების შემთხვევაში. ახალ ხელშეკრულებას ხელი მოეწერება 15 ოქტომბერს და სრული ინვესტიცია, როგორც პროექტის ასევე კოოპერატივის მხრიდან უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 30 ნოემბრისა.
შენიშვნა: განმცხადებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა გარანტირებულია და ეს ინფორმაცია არის მხოლოდ შიდა გამოყენებისთვის.

