ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის

„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ - სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“, ადგილობრივი მეწარმეობის მხარდასაჭერად, იწყებს მცირე ბიზნესის წახალისებისა და ხელშეწყობის პროგრამას “ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის“ (APMTerminals4Poti), რითაც ადგილობრივ მოსახლეობასთან კომპანიის ურთიერთობა თვისობრივად ახალ, თანამშრომლობის ფორმატში გადადის.

აღნიშნული პროგრამა მიმდინარეობს ეიპიემ ტერმინალს ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტის ფარგლებში და მოიცავს როგორც ახალი, ასევე, არსებული მცირე მეწარმეობის წახალისებას, კონკურენტული ბიზნეს და დასაქმების შესაძლებლობების შექმნით. პროგრამა, რომელიც ფოთის მოსახლეობას არაერთ პირდაპირ თუ არაპირდაპირ სარგებელს მოუტანს, მომდევნო ორი წლის განმავლობაში უშუალოდ განხორციელდება ექსპორტის განვითარების ასოციაციისა (EDA) და მისი ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის, რეგიონალური განვითარების ასოციაციის (RDA) მიერ. აღნიშნული ორგანიზაცია შეირჩა ღია ტენდერით, ქართული ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით არსებული წარმატებული გამოცდილების გათვალისწინებით.

APMTerminals4Poti-ის ფარგლებში, მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ კონკურსის წესით მოიპოვონ მიზნობრივი დაფინანსება და ამასთანავე, გაიუმჯობესონ მეწარმეობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. პროგრამით გათვალისწინებულია 80-ზე მეტი მცირე ბიზნეს პროექტის დაფინანსება, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად, ფოთის მოსახლეობას გაუმარტივებს წვდომას სასურველ პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე.

თითოეულ პროექტზე გამოყოფილი მაქსიმალური მიზნობრივი ბიუჯეტი 4,000 ლარია და გულისხმობს მოსარგებლეების თანამონაწილეობას, მოთხოვნილი ბიუჯეტის არანაკლებ 20%-ის ოდენობით. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი, შესაბამისი გადასახადების ჩათვლით, შეადგენს 800,000 ლარს. წარმოდგენილი ბიზნეს იდეის სფერო არ არის შეზღუდული, თუმცა, სასურველია მოიცავდეს ადგილობრივი რეალობისთვის ახალი, ინოვაციური პროდუქტის ან მომსახურების უზრუნველყოფას, აუცილებელია, რომ იყოს მდგრადი სოციალური და ეკონომიკური შედეგის მომტანი და ხორციელდებოდეს ქალაქ ფოთში.